საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის წევრები მიიღო.
შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციისა და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მკაფიოდ განსაზღვრული საგარეო კურსი აქვს - ქართველი ხალხის ისტორიული ნება და მიზანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა და ამას მკაფიოდ აფიქსირებს 2016 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საგარეო პრიორიტეტების შესახებ.
ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის წევრთა განცხადებით, ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოსა და ირლანდიას შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით აქტიურად ვითარდება. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში საპარლამენტთაშორისო კავშირების როლიც. მათი თქმით, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.
საუბარი, ასევე, შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, რომელიც, მხარეების შეფასებით, ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყნები უკვე აქტიურად თანამშრომლობენ და ირლანდიის რესპუბლიკიდან ჩვენს ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, ეს დინამიკა შენარჩუნდეს.
ირაკლი კობახიძემ სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო. ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.