შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, არ არის მაჩვენებელი იმისა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული 90-დღიანი ვადის მასობრივ დარღვევას ჰქონდეს ადგილი.
როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, დაახლოებით, 45 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით და საზღვრიდან უკან დაბრუნებულთა რიცხვი 150-ს არ აღემატება.
“გარდა ამისა, ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ გასული პირების შესახებ მონაცემებს. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ის რისკები, რაც ორგანიზებული დანაშაულის, ან თუნდაც უკანონო მიგრაციის კუთხით შეიძლება იყოს, მაქსიმალურად მუდმივ კონტროლზეა და თუ რაღაც იქნება სარისკო, ჩვენი მხრიდან ყველა ზომა ტარდება იმისთვის, რომ პრევენციულად ვიმუშაოთ. გარდა ამისა, ჩვენ გავააქტიურეთ თანამშრომლობა ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოსთან და უკვე თვის ბოლოს ჩვენ ვგეგმავთ დამატებით მოლაპარაკებებს, რომ ხელშეკრულება, რომელიც გვაქვს საზღვრის დაცვის სააგენტოსთან, გადაიხედოს და უფრო ეფექტურები ვიყოთ მათთან თანამშრომლობის კუთხით", - განაცხადა ხუციშვილმა.
კითხვაზე, 45 000-დან რამდენმა ადამიანმა დაარღვია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, შალვა ხუციშვილის განცხადებით, არ არის მაჩვენებელი იმისა, რომ მასობრივ დარღვევას ჰქონდეს ადგილი.
“სამთვიანი ვადის გადაჭარბებას რაც შეეხება, ამის მაჩვენებელი, დიდ რისკებს არ შეიცავს. 150-მდე ადამიანი საზღვრიდან იქნა გამობრუნებული", - განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, რისი მუდმივი მონიტორინგიც მიმდინარეობს, ეს ციფრი არ არის საგანგაშო და საეჭვო მაჩვენებლებიც არ არის.
საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ.