ჩვენი უახლოესი ამოცანაა, ევროკავშირმა ცნოს, რომ გვაქვს პერსპექტივა გავხდეთ ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, სამი ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ევროპარლამენტს ერთობლივი განცხადებით მიმართეს. მიმართვაში ასახულია თხოვნა, ევროპარლამენტის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რეზოლუციის მიღების თაობაზე, სადაც დაფიქსირებული იქნება ევროკავშირში აღნიშნული ქვეყნების წევრობის პერსპექტივა.
“ევროპარლამენტი ასეთი თამამი განცხადებების მხარდამჭერია. საბჭოს დონეზე, ევროკავშირს საქართველოსა და ასოცირებული წევრების მიმართ ეს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. ჩვენი უახლოესი ამოცანაა, ევროკავშირმა ცნოს, რომ ჩვენ ევროკავშირის 48-ე მუხლის საფუძველზე გაქვს პერსპეტივა, გავხდეთ ევროკავშირის წევრები. ეს დაფიქისირებულია ჩვენს მიერ მიღებულ ყველა პოლიტიკურ დოკუმენტში, პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ რეზოლუციაში, ასევე ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივ განცხადებებში. ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რომ ასოცირების შეთანხმება განვახორციელოთ, ყველა ნაკისრი ვალდებულება შევასრულოთ, რადგან ვალდებულებების შესრულება პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყნის ტრანსფორმაცია მოხდეს და ცხოვრების სტანდარტი იმ დონემდე გაიზარდოს, რა დონემდეც გვინდა, რომ ჩვენთან ცხოვრების სტანდარტი იყოს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ თამარ ხულორდავამ.