საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს სხდომას გამართავს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან კონსულტაციების შესაძლო ფორმატებს განიხილავენ.
„დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გვექნება. შევაჯამებთ და განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის შედეგებს, რომელზეც ახალ კონსტიტუციასთან ერთად, თამბაქოს კონტროლის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, გარემოსდაცვით და სხვა სფეროებში არაერთი მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ. ვიმსჯელებთ წინასაარჩევნო კამპანიის ამოცანებზე და განვიხილავთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან კონსულტაციების შესაძლო ფორმატებს, რომელიც საშემოდგომო სესიამდე გაიმართება“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.