სეპარატისტებს უკრაინის ნაცვლად ახალი სახელმწიფოს შექმნა სურთ - ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს

სეპარატისტებს უკრაინის ნაცვლად ახალი სახელმწიფოს შექმნა სურთ - ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ზახარჩენკოს მიერ მალოროსიის შექმნის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო შეშფოთება გამოხატა.

„სეპარატისტებს ახალი სახელმწიფოს შექმნა სურთ, რომელიც უკრაინის ნაცვლად იქნება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ შეშფოთებას იწვევს“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ჰეზერ ნაუერტმა.

როგორც ჰეზერ ნაუერტმა აღნიშნა, ის მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლება და მალოროსიის შექმნის შესახებ განცხადებას პასუხის ღირსად არ მიიჩნევს.

გუშინ, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზახარჩენკომ უკრაინის სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა და მის ნაცვლად მალოროსიის შექმნა გამოაცხადა.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ უკრაინის სახელმწიფო იმ ფორმით, რომლითაც არსებობდა, არ ექვემდებარება აღდგენას“, - განაცხადა ალექსანდრე ზახარჩენკომ. მისივე თქმით, ახალი სახელმწიფო უკრაინის მემკვიდრე იქნება.