საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ კამპანია წარიმართება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე

საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ კამპანია წარიმართება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე

“ამბასადორიალის“ ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე საზღვარგარეთის ქვეყნებში მივლენილ ქართველ დიპლომატებს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მასთან დაკავშირებულ პროცესს აცნობს.

“საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ გარკვეული კამპანია წარიმართება. ეს კამპანია წარიმართება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, დიპლომატებს გქონდეთ სრული და სწორი წარმოდგენა საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე, იმისათვის, რომ შევძლოთ ყველამ ერთად სწორი ინფორმაცია გავავრცელოთ საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაპირველად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობაში თავიდანვე არ მიიღეს მონაწილეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

“აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა არმონაწილეობა. მიზეზი თუ საბაბი იყო ის, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს. ფორმატის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ კომისიას უნდა სამი თანახელმძღვანელი ჰყოლოდა, რაც რეალურად საპრეზიდენტო ფორმატის შემოთავაზებას ნიშნავდა. აქ საუბარი არ იყო სამ თანასწორუფლებიან თანათავმჯდომარეზე. მოგეხსენებათ, თუკი რაიმე ორგანოს სამი თანათავმჯდომარე ჰყავს, ამ შემთხვევაში უნდა იყოს ერთი სუბიექტი, რომელიც წარმართვს და სამართლებრივად უზრუნველყოფს პროცესს, თუკი სამი სუბიექტი არის - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ეს აუცილებლად უნდა იყოს პრეზიდენტი“, - განაცხადა კობახიძემ დიპლომატებთან შეხვედრისას.