„ამბასადორიალის“ ფარგლებში, დღეს ქართველი დიპლომატები მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადეგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრა თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან გაიმართება, სადაც განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. საუბარი შეეხება სასამართლო რეფორმას, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს და პარლამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს განიხილავენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურთან. აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკის პროცესში მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს.
დღესვე ქართველ ელჩებს შეხვდებიან თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები და შესაბამისი მიმართულების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები.
დღესვე, დღის მეორე ნახევარში, ამბასადორიალის ფარგლებში შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გაიმართება.