თურქი ოპოზიციონერი ფეთჰულაჰ გიულენი, რომელსაც ოფიციალური ანკარა 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს, მიიჩნევს, რომ აშშ მას თურქეთის ხელისუფლებას არ გადასცემს. აღნიშნულის შესახებ ფეთჰულაჰ გიულენმა სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, იქნება ეს „რესპუბლიკელი“ თუ „დემოკრატი“, ყურს უგდებს ამ უაზრო მოთხოვნას და მსოფლიოში აშშ-ს რეპუტაციას ჩირქს მოსცხებს“, - აღნიშნა გიულენმა.
იგი მიიჩნევს, რომ აშშ-ს ხელისუფლება დაიცავს შესაბამის იურიდიულ პროცედურას თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მისი ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
„მე ასევე ვფიქრობ, რომ ჩემი ექსტრადირების შესახებ ერდოღანის მოთხოვნასთან დაკავშირებით აშშ-ს მთავრობა შესაბამის იურიდიულ პროცედურას დაიცავს. ასე რომ არ ვნერვიულობ“, - დასძინა გიულენმა.