უკრაინა დონბასში აფხაზეთის სცენარის გამეორებას არ დაუშვებს, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
„იმ დროს როდესაც უკრაინის დელეგაცია საქართველოშია, კრემლი დონბასში აფხაზური სცენარის გათამაშებას ცდილობს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - დაწერა პავლო კლიმკინმა.
თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზახარჩენკომ უკრაინის სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა და მის ნაცვლად მალოროსიის შექმნა გამოაცხადა.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ უკრაინის სახელმწიფო იმ ფორმით, რომლითაც არსებობდა, არ ექვემდებარება აღდგენას“, - განაცხადა ალექსანდრე ზახარჩენკომ.
მისი თქმით, ახალი სახელმწიფო უკრაინის მემკვიდრე იქნება.