მეუფე დიმიტრის დაკითხვით გამოირიცხა ვერსია, რომ გიორგი მამალაძისთვის შორენა თეთრუაშვილი კარიერული წინსვლის ხელისშემშლელი იყო

მეუფე დიმიტრის დაკითხვით გამოირიცხა ვერსია, რომ გიორგი მამალაძისთვის შორენა თეთრუაშვილი კარიერული წინსვლის ხელისშემშლელი იყო

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, მეუფე დიმიტრის დაკითხვის შედეგად გამოირიცხა გამოძიების ის ვერსია, რომ დეკანოზის კარიერული წინსვლის ხელისშემშლელი შორენა თეთრუაშვილი იყო.

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განმარტა, მეუფე დიმიტრიმ ცალსახად განაცხადა, რომ კარიერული წინსვლის გადაწყვეტილებას მღვდელმთავრები და პირადად პატრიარქი იღებს. ამასთან, ადვოკატის თქმით, მოწმეების დაკითხვის შედეგად ასევე გამოირიცხა ანგარების მოტივიც.

"კითხვები იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ გაგვეგო რასთან გვაქვს საქმე. მამა გიორგი მეუფე დიმიტრის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირია და მეუფე დიმიტრიმ კონრეტულად გასცა პასუხი იმ კითხვას - რამდენად არის შორენა თეთრუაშვილი მამა გიორგის კარიერულ წინსვლაში ხელის შემშლელი სუბიექტი და აღნიშნა, რომ ასეთი რაღაცები მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმთავრების მიერ და პატრიარქის პირადი გადაწყვეტილებით ხდება. ასე რომ, ბრალის მოტივაცია, ვითომდა შორენა თეთრუაშვილი იმიტომ უნდა ყოფილიყო სასიკვდილოდ განწირული მამა გიორგის მხრიდან, რომ თითქოს ხელისშემშლელი იყო მისი კარიერული წინსვლის, აბსურდია. არ არსებობს ასევე ანგარება. ყველა ის რეგალია, რომელიც მამა გიორგის აქვს მიღებული, აქვს მეუფე დიმიტრის რეკომენდაციით და პატრიარქის გადაწყვეტილებით", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება პატრიარქის დისშვილს, როგორც ადვოკატმა განმარტა, ქეთევან შიოლაშვილმა შორენა თეთრუაშვილთან არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

"საუბარი ასევე შეეხო კლინიკას, რა მდგომარეობაში იყო, როგორ მიმდინარებდა ყველაფერი. რაც ჩვენ გვაინტერესებდა, ყველაფერზე პასუხი მივიღეთ. უბრალოდ, ყველაფერი ეს გარკვეულწილად უკვე ცდება იმ ბრალის შინაარსს, რაც წაყენებული აქვს მამა გიორგის", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.