საქართველოს და უკრაინის რეგიონების ოკუპაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო

საქართველოს და უკრაინის რეგიონების ოკუპაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო

რუსეთის ქმედებებმა - საქართველოს და უკრაინის რეგიონების ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო და უკრაინა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რუსეთის ქმედებებმა - ჩვენი ქვეყნების რეგიონების ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და ურყევი თანადგომით, მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების დეოკუპაციას და გამთლიანებას. საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ ევროპული ინტეგრაციის გზაზეც. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ევროპულ ოჯახს. იმის მიუხედავად, რომ ამ გზაზე ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი დაბრკოლებებისა და სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, ქართველმა და უკრაინელმა ხალხებმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ დაანახეს, რომ ჩვენი ერების ნება მტკიცეა და ჩვენი ნება უცვლელია და ჩვენი გზა არის ევროპისკენ მიმართული და ვერაფერი შეცვლის ჩვენი ხალხების გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა ადვილი არ არის, გამოწვევები კვალავაც გაგრძელდება, მაგრამ ვიცით ისიც, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ეს არის რეფორმების გაძლიერება, ეკონომიკის მდგრადი განვითარება, დემოკრატიული ღირებულებების მტკიცე დაცვა და, რაც მთავარია, ერთმანეთის მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ემყარება ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის საუკუნოვან მეგობრობას და საერთო ღირებულებებს და ჩვენი ქვეყნების სწრაფვას განვითარებისა და უკეთესი მომავლისაკენ.

„წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს და სასიხარულოა, რომ წლევანდელი საიუბილეო წელი ინტენსიური თანამშრომლობით გამოირჩევა. დღეს მინდა საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. სწორედ ამის დასტურია თქვენი ვიზიტი, ბატონო პრეზიდენტო, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და უკრაინას შორის სრულიად ახალი, სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას მისცემს ბიძგს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.