საოკუპაციო ხაზზე ბანერის უკანონოდ აღმართვაზე საგარეო უწყებამ მყისიერად განახორციელა ქმედებები საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით

საოკუპაციო ხაზზე ბანერის უკანონოდ აღმართვაზე საგარეო უწყებამ მყისიერად განახორციელა ქმედებები საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით

საქართველოს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად განახორციელა კონკრეტული ქმედებები საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ევროკავშირში, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა მოახდინეს აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება და საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირების თხოვნით მიმართეს. მისივე თქმით, შესაბამისი ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.

”5 ივლისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1291-ე შეხვედრაზე, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა აღმოჩნდა.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული უკანონო პროცესი არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

ქართულმა მხარემ, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის შეხვედრაზე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შეღწევისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობაზე.

6 ივლისს გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით.

ამასთან, 6 ივლისს, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მონაწილე სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით და მოუწოდა მათ შესაბამისი რეაგირებისაკენ”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა და დასძინა, რომ აღნიშნული საკითხი იყო და კვლავაც დარჩება ქართული მხარის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ ორიენტირად.