საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგი და შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა შედგეს და აქ პრეზიდენტი არაფერ შუაშია

საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგი და შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა შედგეს და აქ პრეზიდენტი არაფერ შუაშია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგი და შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა შედგეს და აქ პრეზიდენტი არაფერ შუაშია.

"დიალოგის ფორმატის შექმნისკენ ის ხალხი მოგვიწოდებს, რომლებმაც კომისიის შექმნამდე გამოუცხადეს ბოიკოტი ახალ კონსტიტუციას და 4 თვის განმავლობაში არც ერთ სხდომაში არ მიუღიათ მონაწილეობა. გარდა ამისა, პრეზიდენტს დღემდე არ გაუცია კითხვაზე პასუხი, რატომ არიდებს თავს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პირდაპირ ეთერში დაჯდომას კონსტიტუციურ ცვლილებებზე სასაუბროდ. რაც შეეხება დიალოგს, კონსტიტუციურ პროცესს წარმართავს და ამ ფორმატზეც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. პრინციპში, აქ პრეზიდენტი ისედაც არაფერ შუაშია, ეს საკითხი პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დიალოგით უნდა გადაწყდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოპონენტები ამ დრომდე არ აფიქსირებენ, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს," - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მდინარაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად მხარეებს ორშაბათს შეხვედრას სთავაზობს, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.