დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინთან შეხვედრის გამო, კლიმატის ცვლილების საკითხზე სხდომას არ დაესწრება

დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინთან შეხვედრის გამო, კლიმატის ცვლილების საკითხზე სხდომას არ დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო კლიმატის ცვლილებების საკითხზე სხდომას არ დაესწრება. შესაბამისად, დონალდ ტრამპი თავს აარიდებს „დიდი ოცეულის“ სხვა პარტნიორებთან დისკუსიებს კლიმატის საკითხის შესახებ, რომელზეც უთანხმოება მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოვიდა.

განრიგის მიხედვით, „დიდი ოცეულის“ ლიდერები კლიმატის საკითხებზე დისკუსიებს ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაიწყებენ, ხოლო ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა 15:45 საათზეა დანიშნული.

დღეს, ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიხსნება. 2016 წლის 1 დეკემბერს „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გერმანია გახდა.

გერმანიის ხელისუფლებამ პრიორიტეტად შემდეგი თემები დაასახელა: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, აფრიკის განვითარება, შიმშილის აღმოფხვრა, საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერება.