გვიჩნდება ეჭვი, რომ პოლიციას მომხდარი ინციდენტის გამოძიება არ სურს

გვიჩნდება ეჭვი, რომ პოლიციას მომხდარი ინციდენტის გამოძიება არ სურს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა ეჭვობს, რომ უთვალთვალებენ. როგორც ლეილა მუსტაფაევამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის აზერბაიჯანელ უფლებადამცველ დაშგინ აღარარლისთან ერთად თავისუფლების მოედანზე კაფეში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის საქციელმა დააეჭვა.

”ჩვენ ბატონ დაშგინთან ერთად თავისუფლების მოედანზე, კაფეში ვისხედით. შემდეგ მე ავდექი ჩემი ადგილიდან და რამდენიმე წუთში უკან დავბრუნდი. როდესაც წასვლას ვაპირებდით, შევამჩნიეთ ჩანთა, რომელიც ჩვენი არ იყო. ეს ჩანთა ავიღე, პატარა ჩანთა იყო, რომელიც ლეპტოპისთვისაა განკუთვნილი. არ გამიხსნია, მაგრამ თითქმის ცარიელი იყო. ამ დროს ვიღაც ბიჭი გამოჩნდა უკნიდან, გამომართვა ეს ჩანთა და არც კი უთქვამს რამე ჩვენთვის. მან სწრაფად დატოვა კაფე. დავინახეთ, რომ მერე ვიღაც ბიჭსა და გოგოს შეხვდა გარეთ. ჩვენ ის საეჭვოდ მოგვეჩვენა, ვინაიდან ძალიან უცნაურად იქცეოდა. ბევრი თავისუფალი ადგილი იყო კაფეში, სადაც შეეძლო დამჯდარიყო და თავისი ჩანთა დაედო. ვფიქრობ, რომ ჩვენს ადგილთან ეს ჩანთა მიზანმიმართულად იყო დადებული. ჩვენ არ გვინახავს რა იყო ჩანთაში, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა ჩამწერი მოწყობილობა იყო. ვფიქრობთ, ეს დაკავშირებულია აფგან მუხთარლის საქმესთან. ეს ასევე ხელს უშლის ჩემს პროფესიულ საქმიანობას. პოლიციას მივმართეთ, მაგრამ პოლიციას არაფერი უთქვამს. გვიჩნდება ეჭვი, რომ პოლიციას ამ ინციდენტის გამოძიება არ სურს”, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.