ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულებდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულებდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დახურულ ფორმატში ისმენს მთავრობის ანგარიშს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებების, გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე.

ანგარიში ასახავს საქართველოსთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული მუხლის დარღვევის შედეგად კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების აღსრულების სფეროში შედეგებს.

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია კონკრეტული საქმეები, რომელთან დაკავშირებითაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო შესაბამისი რეზოლუციები, რითაც დამაკმაყოფილებლად მიიჩნია სახელმწიფოს მიერ გატარებული ინდივიდუალური და ზოგადი ხასიათის ღონისძიებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლების დარღვევის ფაქტების აღსადგენად.

ამასთან, ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებსა და განჩინებებზე, რომელთა აღსრულებაც ამჟამად მიმდინარეობს.

“2012 წლამდე ჩადენილ სხვადასხვა დარღვევებზე, რომელიც კონვენციით დაცული მუხლების დარღვევას ეხება, ევროსასამართლოს მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ 53 საქმეა მიღებული, სადაც საქართველოს მთავრობა დადანაშაულებულია კონვეციის სხვადასხვა მუხლების დარვევაში. 2013 წლიდან, როცა ხელისუფლება შეიცვალა, არც ერთი საქმე არ ყოფილა, სადაც საქართველო იყო მხილებული. იყო მერაბიშვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებულია დიდ პალატაში და ითვლება, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წლიდან არც ერთი საქმე არ ყოფილა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ხელისუფლებას კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულებდა. აღსრულების პროცესშია 32 საქმე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დარღვევას ეხება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ბესელიამ საკომიტეტო მოსმენის დაწყების წინ.