კახა კალაძეს არ ეთაკილება, რომ საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა

კახა კალაძეს არ ეთაკილება, რომ საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სამინისტროს 5-წლიანი მუშაობის შეჯამების შემდეგ, მისი ცხოვრებიდან რამდენიმე ისტორია გაიხსენა, რომლებმაც მისი თქმით, ამ შემდეგამდე მოიყვანა.

კალაძე იხსენებს, რომ როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა, ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა ამ გადაწყვეტილებას.

"მე არ მეთაკილება ამაზე საუბარი და ღიად ვამბობ, დავიწყე ძალიან ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ გუნდთან ერთად და ჩვენ შევძელით ის, რაც შევძელით და შედეგიც არის სახეზე. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომელს ყველა იმ ადამიანს, რომელიც 24 საათის განმავლობაში შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ენერგეტიკის დარგი ყოფილიყო წარმატებული, რადგან, შეუძლებელია ქვეყნის განვითარება და წინსვლა, თუ ჩვენ ენერგეტიკულად არ ვიქნებით წინწასულები და ქვეყანა ენერგეტიკულად არ იქნება განვითარებული",- აღნიშნა კახა კალაძემ.

მეორე ძალიან მნიშვნელოვან მომენტად კახა კალაძემ 2011 წელი დაასახელა, როდესაც პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

"რა თქმა უნდა, არავის სჯეროდა იმის, რომ ჩვენ შევძლებდით სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დამარცხებას არჩევნების გზით, მშვიდობიანად. მაშინ, ბატონი ბიძინას ირგვლივ გაერთიანდა სრულიად საქართველო, ყველა ერთად დავდექით და ჩვენ ეს მოვახერხეთ - არჩევნების გზით შევცვალეთ სააკაშილის რეჟიმი. მინდა, ასევე, გავიხსენო ჩემთვის სენსიტიური მომენტი, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, მინდოდა გამოვსულიყავი ფეხბურთელი და მეთამაშა მაგარ გუნდში და ერთ დღეს მითხრეს, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა და მითხრეს, რომ წავსულიყავი სახლში. ეს სიტყვები მაშინ ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, ძალიან რთული იყო. ატირებული, ცრემლიანი დავბრუნდი სახლში, თუმცა, თავი არ დამიხრია.

მინდა გითხრათ, რომ როდესაც, რაღაცის გულით გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი არის შესაძლებელი და ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ენერგეტიკის დარგში, ეს არის იმ დაუღალავი შრომის, იმ ერთობის შედეგი, რაც ამ წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის დარგში",- აღნიშნა კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის რანგში.

მანვე განაცხადა, რომ დღეს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას ტოვებს და მისთვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

"მე, გუნდის ლიდერმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმადგინა მერობის კანდიდატად და მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისი იყოს წარმატებული. მე მჯერა გუნდის თანადგომის, მე მჯერა თბილისელების თანადგომის რადგან, ნათქვამია, მარტო კაცი ჭამაში არ ვარგაო და ამ ერთობით ჩვენ შევძლებთ ყველა იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც აწუხებს დღეს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, მადლობა გუნდს, მადლობა ჩემს თანამშრომლებს",- აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ დღეს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა, რადგან ის უკვე ოფიციალურად "ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობის კანდიდატია.