ოფიციალური მოსკოვი ბერშუეთში ე. წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს სიყალბეს უწოდებს

ოფიციალური მოსკოვი ბერშუეთში ე. წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს სიყალბეს უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ეხმაურება და მას სიყალბეს უწოდებს.

ლავროვის უწყების განცახდებაში აღნიშნულია, რომ პრაღის შეხვედრა წინა დღეს გავრცელებულმა ინფორმაციულმა პროვოკაციამ დაჩრდილა.

"ეს შეთხზული პროპაგანდისტული სატყუარებია. თბილისში მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, თითქოს სამხრეთ ოსეთის მხარე საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში განათავსებს სასაზღვრო ნიშნულებს. ეჭვი არ გვეპარება, რომ ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, როგორც სხვა დროს, ახლაც გამოჩნდება ამ ინფორმაციის სიყალბე და პრეტენზიების აბსურდულობა გამოჩნდება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების მოწინააღმდეგეები პრაღის კონსტრუქციულ შეხვედრას ხელს ვერ შეუშლიან", - აღნიშნულია ლავროვის უწყების განცხადებაში.

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი გადმოწიეს. "საზღვრის აღმნიშვნელ" ბანერთან მოქალაქეების უსაფრთხოებას პოლიცია იცავს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფაქტი ე. წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებად შეაფასა, საქართველოს საგარეო უწყებამ კი საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდა.