სტამბოლში Amnesty International-ის თურქეთის წარმომადგენლობის დირექტორი და 11 აქტივისტი დააკავეს

სტამბოლში Amnesty International-ის თურქეთის წარმომადგენლობის დირექტორი და 11 აქტივისტი დააკავეს

Amnesty International-ის თურქეთის წარმომადგენლობის დირექტორი იდილ ესერი და კიდევ 11 აქტივისტი დღეს სტამბოლის ერთ-ერთ უბანში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა Milliyet იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დაკავება ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც უფლებადამცველების კონფერენცია მიმდინარეობდა. თურქეთის ხელისუფლება აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

„ჩვენ აღშფოთებული ვართ, რომ თურქეთის წამყვანი უფლებადამცველები, მათ შორის Amnesty International-ის თურქეთის წარმომადგენლობის დირექტორი, დაკავებულნი არიან ყოველგვარი მიზეზის გარეშე. იდილ ესერი და დანარჩენი აქტივისტები დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ“, - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა სალილ შეთიმ.

დაკავებულების ადგილსამყოფელი უცნობია. მათ შორის არიან გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.