პრემიერი:  მზად ვართ, საკონსტიტუციო პროექტზე გავაგრძელოთ დიალოგი

პრემიერი: მზად ვართ, საკონსტიტუციო პროექტზე გავაგრძელოთ დიალოგი

მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი და მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება კიდევ რაღაცებზე შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან.

„ჩვენ შევეხეთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. ბატონმა ჯანი ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება ჩვენი მზადყოფნის გამო, რომ გავაგრძელოთ დიალოგი. მოგეხსენებათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა წინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისგან განსხვავებით. იყო ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო განხილვები, სადაც ყველა იყო ჩართული. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კიდევ გავაგრძელოთ ეს დიალოგი, რათა ჩვენ მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება. ეს არის მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით. ჩვენ ჩვენი მხრიდან გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები და კიდევ ერთხელ ვამბობ, მზად ვართ, გავაგრძელოთ და კიდევ მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება კიდევ რაღაცებზე შეთანხმება. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.