ჰერბერტ ზალბერი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის პოსტს ტოვებს

ჰერბერტ ზალბერი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის პოსტს ტოვებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ინფორმაციით, ჰერბერტ ზალბერი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ დონდუამ „რუსთავი 2“-ს ბრიუსელში განუცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ბრიუსელში, სოფელ ბერშუეთსა და ზემო სობისში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხზე ევროკავშირის საგარეო საკითხთა სამსახურისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ხვდებიან.

„ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზე ბატონმა ზალბერმა განაცხადა, რომ ის ტოვებს თანამდებობას და მიდის გერმანიის ელჩად. ეს გადაწყვეტილება მას ადრე ჰქონდა მიღებული და ამის თაობაზე ფორმალურად განაცხადა, თუმცა აგვისტომდე ისევ თანამდებობაზეა“, - განაცხადა დონდუამ.

ჰერბერტ ზალბერი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს 2014 წლის ივლისიდან იკავებს. შესაბამისად, ის ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში სკანდალის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.