პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევნები 2024 წლიდან დაიწყება, რაც ნიშნავს, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, პრეზიდენტის როლზე ბევრი სპეკულაცია იყო. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები და თვითონ პრეზიდენტი აცხადებდნენ, რომ ეს რეფორმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„საბოლოოდ, ჩვენ ნებისმიერი სახის სპეკულაცია თავიდან ავიცილეთ. პირველ რიგში, პრეზიდენტის არჩევნები ირიბი წესით მხოლოდ 2024 წლიდან დაიწყება. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება. ამ მხრივ ჩვენ გამოვრიცხეთ ყოველგვარი სპეკულაციები. პრეზიდენტის სტატუსი იგივე რჩება. რაც შეეხება პრეზიდენტის კომპეტენციას, ჩვენ არ შეგვიტანია მნიშვნელოვანი ცვლილებები. იყო სპეკულაციები, თითქოს საკონსტიტუციო რეფორმის მიზანი ეს იყო. ჩვენ გამოვრიცხეთ ნებისმიერი შესაძლებლობა ამგვარი სპეკულაციისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.