თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს. როგორც თურქული გამოცემა Hurriet იუწყება, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ტერაქტის განხორციელებას „სამართლიანობის მარშის“ მსვლელობის დროს აპირებდნენ, რომლის ორგანიზატორი მთავარი ოპოზიციური ძალა „სახალხო-რესპუბლიკური პარტიაა“.
გამოცემის ინფორმაციით, ქაისერის პროვინციის პოლიციის სამმართველომ გუშინ „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი ტერორისტი დააკავა. მათ კვალზე გასვლა სადაზვერვო მონაცემების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა ტერორისტმა მიკროავტობუსი იქირავა, რომლის გამოყენებას ტერაქტისას აპირებდა.
„სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ 15 ივნისს ანკარიდან სტამბოლის მიმართულებით საპროტესტო მარში დაიწყო თანაპარტიელი ენის ბერბეროღლუს დაკავების გამო.