საპარლამენტო უმრავლესობა არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, უმცირესობა ”ქართულ ოცნებას” მაჟორატარული მანდატების შემცირების ხარჯზე პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობის გაზრდას და 2020 წლის არჩევნების ერთჯერადად, ამ ფორმით ჩატარებას სთავაზობს.
როგორც შესაბამისი კითხვის პასუხად საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საერთო კონსენსუსი შედგეს, თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თავი შეიკავა კონკრეტული პასუხის გაცემისგან იმაზე, იყო თუ არა მსგავსი შეთავაზება უმრავლესობის მიმართ.
”ჩვენი ოპონენტების თითოეული განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი კონსენსუსთვის მზად არ არიან. ჯანი ბუკიკიოს ბოლო განცხადებებში აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, რომ კონსენსუსის მიღწევაში ყველა მხარე უნდა მონაწილეობდეს და ეს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობის საკითხი არ არის. ჩვენ საკონსტიტიციო ცვლილებების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მზად ვიყავით დიალოგისა და შეთანხმებისთვის. ამას ჩვენი თითოეული განცხადება და მოქმედება ადასტურებდა. საკონსტიტუციო კომისიამ გაითვალისწინა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების წინადადებათა 70%-ზე მეტი. დღესაც ვცდილობთ, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე კონსენსუსი შედგეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო კონსესუსი შედგეს”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მამუკა მდინარაძემ.
არაოფიციალური ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობა შერეულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რა წესითაც ”ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს, უმრავლესობას საკუთარ ვარიანტს სთავაზობს.
როგორც ”ინტერპრესნიუსისთვის” პოლიტიკური კულუარებიდან გახდა ცნობილი, ”ევროპული საქართველო” მზად არის 2020 წლის არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას იმ პირობით დაუჭიროს მხარი, თუკი მაჟორატარული მანდატების რაოდენობა შემცირდება და პარლამენტში პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება. სააგენტოს ინფორმაციით, უმცირესობის ხელისუფლებისადმი წინადადება მდგომარეობს იმაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენიდან უკან დაბრუნდეს და მიღებული იყოს იმ ცვლილებით და შეთანხებით, რომ ერთჯერადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, თუმცა მაჟორიტარული და პროპორციული მანდატების შეცვლილი პროპორციებით.