მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით მთავარ პროკურორს მიმართა

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით მთავარ პროკურორს მიმართა

დემირელის სკოლის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით თუბა ჩაბუქიმ დღეს ადვოკატთან ერთად მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადება შეიტანა.

"დღეს შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში დაცვის გამოყოფასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩემზე სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდება ზეწოლა. ბოლო დღეებში თურქულ მედიაში დაიბეჭდა სტატიები ჩემს ოჯახზე, სადაც მოღალატეებად ვართ მოხსენებული და წერენ წერილებს, რომ უნდა ჩამოვიდნენ და დაგვხოცონ. მარტო ვარ, ორ ბავშვთან ერთად, მეუღლე გვერდით არ მყავს და მეშინია", - განაცხადა თუბა ჩაბუქიმ.

ოჯახის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, განცხადებას თან ერთვის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ოჯახზე ხორციელდება ზეწოლა, რაც "საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ ჩაბუქები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში იყვნენ ჩასმული".

მისი განმარტებით, პროკურატურას საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისთვის კონკრეტული ვადა არ აქვს.