არსებობს ორი ალტერნატივა, ან ვწუწუნებთ და ვეგუებით არსებულ რეალობას ან რეალურ ქმედით ნაბიჯებზე გადავდივართ, - ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო განვითარებული პროცესების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია, კიდევ ერთი მაგალითია, თუ რა კატასტროფის წინაშე დგას ქართველი ერი.
"დროა გადავიდეთ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებზე. იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ თავზე გადაგვახია კონსტიტუცია. ამის საპასუხოდ არსებობს ორი ალტერნატივა, ან ვწუწუნებთ და ვეგუებით არსებულ რეალობას ან რეალურ ქმედით ნაბიჯებზე გადავდივართ. ძალიან კარგია ბუკიკიოს განცხადება, თუმცა ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ განცხადების ამარა და ველოდით როდის გადაარჩენს ბუკიკიო საქართველოს. საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია, კიდევ ერთი მაგალითია, თუ რა კატასტროფის წინაშე დგას ქართველი ერი. არ უნდა მივცეთ პულტების გამოყენების საშუალება დეპუტატებს პარლამენტში იმისთვის, რომ საბოლოო სახეს ამ კანონპროექტისა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ თავზე მოირგო დაუჭირონ მხარი. არაძალადობრივი მექანიზმებით უნდა ვაიძულოთ "ქართული ოცნება" წავიდეს კომპრომისებზე და მიიღოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც რეალურად სჭირდება ხალხს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ახალი საქართველოს" ლიდერი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მერობის კანდიდატების საკრებულოს დეპუტატების სიაში ჩასმაც იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ამ ფაქტს ასაღებს კომპრომისად და ამას არანაირი კავშირი არ აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებთან.
”ახლა მოდის თვითმმართველობის არჩევნები და "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ყურადღება გადაეტანათ საკონსტიტუცო ცვლილებებზე. სამწუხაროდ, თვითმმართველობის არჩევნები იმ კატასტროფული მოდელით ჩატარდება, რომელიც აქამდე იყო”, - განაცხადა ვაშაძემ.