საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, ვარიანტი რომ „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, არ განიხილება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რატიანმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც, უმცირესობამ 2020 წლის არჩევნებისთვის შერეულ საარჩევნო სისტემას იმ პირობით შეიძლება დაუჭიროს მხარი, თუკი მაჟორიტარების რაოდენობა შემცირდება, პროპორციულის კი გაიზრდება. რატიანის განცხადებით, წითელი ხაზი გადის მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე.
„წითელი ხაზი არის პროპორციული არჩევნების წესი. ჩვენ ამ წესთან დაკავშირებით გვაქვს სრულიად ცალსახა პოზიცია და ეს არის ის, რაზეც დღეს და ამ დღეებში არის საუბარი“, - განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, დღეს რაზეც თანხმდება მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, არის მოთხოვნა, რომ ქვეყანა გადავიდეს მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
„ბოლო თვეების განმავლობაში „ქართული ოცნება“ ატყუებდა როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და ბოლოს თავისივე დეკლარირებული სისტემაც კი უარყო“, - განაცხადა რატიანმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, უმცირესობამ 2020 წლის არჩევნებისთვის შერეულ საარჩევნო სისტემას იმ პირობით შეიძლება მხარი დაუჭიროს, თუკი მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა შემცირდება, პროპორციულის კი, გაიზრდება.