„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრებზე იმ ვერსიებზე არ ყოფილა საუბარი, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო უმცირესობამ შესაძლოა მხარი დაუჭიროს საკონსტიტუტიო ცვლილებებს, თუ შემცირდება მაჟორიტარების რაოდენობა და გაიზრდება პროპორციულის.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კორძაიამ განუცხადა, ეს ინფორმაცია დღეს პირველად მოისმინა.
„არ ვიცი, შეიძლება ამ საკითხს თვითონ „ევროპული საქართველო“ აყენებს, თუმცა დღეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ის წითელი ხაზი, რითიც ისინი ისაუბრებენ ხელისუფლებასთან. მათ ეს ძალიან მკაფიოდ თქვეს დღევანდელ შეხვედრაზე. რაც შეეხება მაჟორიტარების შემცირებას, შეხვედრაზე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. „ევროპულმა საქართველომ“ ალბათ თვითონ უნდა განმარტოს ეს საკითხი. განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად მთელი ოპოზიციური სპექტრი შეთანხმებულია, რომ უნდა მოხდეს მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა“, - განაცხადა კორძაიამ.