თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, გერმანული ავტოკორპორაციის „დაიმლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარებისა და ავტოპარკის სამომავლო განახლების გეგმაზე ისაუბრეს. ავტოკორპორაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების სფეროში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და „დაიმლერის“ მიერ წარმოებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისა და მათი უახლესი ტექნოლოგიებით ოპერირების გეგმის პრეზენტაცია გამართეს.
კომპანია „დაიმლერი“ მერსედეს-ბენცის სამარკო ნიშნის ქვეშ ამზადებს ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტს, მათ შორის, ავტობუსებსა და მინი-ვენებს.
თბილისის მერმა გერმანულ კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთ ცნობილ გერმანულ ავტომწარმოებელთან თანამშრომლობა ქართული მხარისთვის საინტერესო იქნება. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიის ავტოპარკის განახლების 4-წლიანი გეგმის ფარგლებში ავტობუსების განახლების პროცესი გრძელდება და ახალ ავტობუსებზე ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში კომპანია „დაიმლერს“ მასში მონაწილეობის საშუალება ექნება.