ე.წ ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე დამატებითი ექსპერტიზა იმის გამო არ ჩატარებულა, რომ ბრალდებული აღიარებს იარაღის უკანონო მოპოვება-შენახვას.
როგორც წიკლაურმა განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მხრიდან დაისვა კითხვები, თუ რატომ არ ჩაუტარდა იარაღს დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზა.
პროკურორის თქმით, ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა ისიც განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე იარაღის ქონას საერთოდ უარყოფს, რაც წიკლაურის შეფასებით, სიცრუეა.
"ერთ-ერთმა ადვოკატმა, ეკა ლომიძემ ისიც განაცხადა საჯაროდ, რომ ბრალდებული თავიდანვე უარყოფდა იარაღის ქონას. მინდა ვურჩიო ამ კონკრეტულ ადვოკატს, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე კარგად გაეცნოს საქმის მასალებს. ბრალდებულმა პირველივე დაკითხვისას აღიარა, რომ იარაღს ინახავდა და ეს იარაღი ამოღებულია მისი საძინებლიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული აღიარებს იარაღის ქონას და რომ ეს იარაღი მას ეკუთვნის, არავითარი დამატებითი ექსპერტიზების ჩატარების საჭიროება აღარ იყო. უდაოდ არის დადგენილი ის ფაქტი, რომ ბრალდებული, საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ინახავდა იარაღს. მსგავსი უსაფუძვლო განცხადებებით ადვოკატები ეჭვქვეშ ვერ დააყენებენ ამ უტყუარ ფაქტს", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, თავად ბრალდებულმა უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომელიც იარაღის მოპოვებასა და ფლობის მიზანს ეხება.
"რაც შეეხება იმას, საიდან მოიძია ბრალდებულმა ეს იარაღი, რატომ ინახავდა და რა საჭირო იყო, რომ ეტარებინა ეს იარაღი, ამაზე ბრალდებულმა თავად უნდა გასცეს პასუხი და ამ კითხვებს დავუსვამთ ბრალდებულს, როდესაც დაიკითხება", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.