ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორი ჟილ დე კერშოვი მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში ტერორისტული ორგანიზაციების „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ შერწყმის შესაძლებლობა არსებობს.
ბელგიურ გამოცემა Le Soir-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჟილ დე კერშოვმა განაცხადა, რომ მიუხედავად წარუმატებლობისა, „ისლამური სახელმწიფო“ განაგრძობს თავის საქმიანობას ინტერნეტ-სივრცეში.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ შერწყმა მოხდეს.
ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორმა განმარტა, რომ ტერორიზმთან ბრძოლისთვის საჭიროა კიდევ მეტი ძალისხმევის გამოყენება, ინტერნეტში ტერორისტული პროპაგანდის შემცირება და კონტრზომების შემუშავება.
მისი განცხადებით, ევროპოლში უკვე შექმნილია გუნდი, რომელიც ინტერნეტის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს.
„ჩვენ უკვე შევქმენით გუნდი, რომელიც 20 სპეციალისტისგან შედგება. ისინი უწყვეტ რეჟიმში ახდენენ ინტერნეტის მონიტორინგს. მათ უკვე გამოავლინეს 30 ათასი არაკანონიერი საიტი“, - დასძინა ჟილ დე კერშოვმა.