ირაკლი მამალაძე აუცილებლად ვარგის იარაღს მიუტანდა მამა გიორგის და ჩადებული მომწამვლელი ნივთიერება აუცილებლად ხარისხიანი და მომქმედი იქნებოდა, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღევანდელი პროცესის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს სასამართლოზე დასაკითხ ექსპერტებთან ბევრი კითხვა ექნება და ადვოკატს იმედი აქვს რომ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს მიიღებს.
"ირაკლი მამალაძე აუცილებლად ვარგის იარაღს მიუტანდა მამა გიორგის და ჩადებული მომწამვლელი ნივთიერება აუცილებლად ხარისხიანი და მომქმედი იქნებოდა. ეს არაფერ ეჭვს არ ბადებს, რადგან უხარისხოს არ ჩაუდებდნენ სამართალდამცველი ორგანოები. რაც შეეხება კითხვებს რამდენად მომქმედი იყო და კიდევ რისთვის გამოიყენებოდა აღნიშნული მომწამვლელი ნივთიერება, ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი შეკითხვები გვექნება ექსპერტებთან და იმედია, სრულყოფილ პასუხებს მივიღებთ. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, ამაზეც ძალიან ბევრი კითხვა გვექნება და რაც მთავარია, ექსპერტების ჩვენებები არაფერ სიმყარეს არ მატებს სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, ირაკლი მამალაძე აუცილებლად ვარგის იარაღს მიუტანდა და ჩადებული ციანიდიც ხარისხიანი იქნებოდა", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
რაც შეეხება აუდიტის ჩატარებაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე რევიზორების დაკითხვას, ადვოკატისთვის უცნობია რას ემსახურება ეს და რამდენად კავშირშია საქმესთან.
"რას ემსახურება ეს გამოჩნდება პროცესზე იქიდან გამომდინარე თუ რა საკითხებს დააყენებს პრიორიტეტად გამოძიება. ფაქტია, რომ აუდიტის დასკვნით, დარღვევები, მათ შორის სერიოზული ფინანსური დარღვევები იყო", - აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა.
როგორც დღეს ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, ბრალდებულ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი არის კუსტარულად დამზადებული, უნომრო და ვარგისია გამოყენებისთვის.