რუსეთი ვაშინგტონს აფრთხილებს, სირიაში

რუსეთი ვაშინგტონს აფრთხილებს, სირიაში "უპასუხისმგებლო ქმედებებისგან" თავი შეიკავოს

რუსეთი ვაშინგტონს აფრთხილებს, სირიაში "უპასუხისმგებლო ქმედებებისგან" თავი შეიკავოს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„რაც შეეხება ვაშინგტონის საომარ რიტორიკას, საჭიროდ მივიჩნევთ გავაფრთხილოთ ამერიკელი კოლეგები უპასუხისმგებლო ქმედებებისგან თავი შეიკავონ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გაერო-ს წესდებასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, როგორც ეს მოხდა 7 აპრილს, „შაირათის“ ავიაბაზაზე განხორციელებული ავიადარტყმებისას“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სირიის ხელისუფლება ქიმიური შეტევის განსახორციელებლად ემზადება, ერთგვარი მესიჯია ტერორისტებისთვის, რათა მასშტაბური პროვოკაცია განახორციელონ.

გუშინ, თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის მზადების ნიშნები გამოავლინა.

„თუ ასადი კიდევ ერთ მასიურ მკვლელობას განახორციელებს ქიმიური იარაღის გამოყენებით, მას და მის შეიარაღებულ ძალებს ეს ძვირი დაუჯდებათ“, - დასძინა თეთრი სახლის პრესმდივანმა.