გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ავღანეთის ფინანსთა მინისტრს, იქლილ ჰაკიმის შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობას და მის სატრანზიტო პოტენციალს.

ავღანეთის ფინანსთა მინისტრის მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოს მთავრობის 4–პუნქტიანი გეგმის მიმართ და აღინიშნა წარმატებით განხორციელებული რეფორმების კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.