ვერავინ უარყოფს ფაქტს, რომ ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე გეგმავდა ადამიანის მკვლელობას, ეს დაადასტურა ირაკლი მამალაძემ და როგორც ჩანს, ამის გამო აღმოჩნდა იგი ცილისწამების მსხვერპლი, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება მოწმეზე ზემოქმედების ფატქზე, რისი საფუძველიც ირაკლი მამალაძის განცხადება გახდა. ამასთან, პროკურორის თქმით, მოწმეებზე უსაფუძვლო ინფორმაციების გავრცელება მიზნად ისახავს სანახაობის მოწყობას და სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას.
„მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე, ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. როგორც ჩანს, დაინტერესებულ პირთა მხრიდან ადგილი აქვს მოწმეთა დისკრედიტაციას, რისი მაგალითიც იყო გავრცელებული ინფორმაციები. თუმცა, რომელი მოწმეც არ უნდა წარმოაჩინონ აგენტად და პროვოკატორად სრულიად უსაფუძვლოდ, ვერავინ უარყოფს ფაქტს, რომ ბრალდებული გეგმავდა ადამიანის მკვლელობას და ეს დადაასტურა ირაკლი მამალაძემ. როგორც აღმოჩნდა, ამის გამო იგი ცილისწამების მსხვერპლია“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.