ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაიკითხებიან. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები დაადასტურებენ, რომ ბარგის ამოღება და დალუქვა მათი თანდასწრებით და ყველანაირი კანონის დაცვით მოხდა.
„დღეს დაიკითხებიან აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ის ადამიანები, ვის თვალწინაც და ვისი მონაწილეობითაც ამოვიღეთ ბრალდებულის ბარგი. დღეს გამოირიცხება უსაფუძვლო განცხადებები ციანიდის ჩადებაზე. დღევანდელი მოწმეები დაადასტურებენ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად იყო და ბრალდებულის მიერ ჩაბარებული ბარგი უახლოეს პერიოდში მათივე თანდასწრებით ამოვიღეთ და დავლუქეთ. შესაბამისად, ვერანაირი მანიპულაცია ვერ მოხდებოდა“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
მისივე თქმით, ციანიდის ჩადებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია იყო დაცვის მხარის მიერ მოგონილი დეზინფორმაცია.
საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდს საქმეზე მამა გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულია.