გიორგი გახარია: „მეზღვაურის სპეციალობა ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“

გიორგი გახარია: „მეზღვაურის სპეციალობა ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მიულოცა.

გიორგი გახარიამ აკადემიის მეოთხეკურსელები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის ტრეინინგ–ცენტრი დაათვალიერა და აკადემიის რამდენიმე ახალი ლაბორატორიის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. საზეინკლო, სახარატო, ელექტროშედუღებისა და ელექტროსამონტაჟო ლაბორატორიების შესაძენად საჭირო თანხა 2017 წელს აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყო.

„თქვენი სპეციალობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბათუმის საზღვაო აკადემია, რომელიც ბათუმისა და აჭარის რეგიონის განუყოფელი ნაწილია, ყოველთვის იყო საამაყო, საგანმათლებლო ორგანიზაცია“ – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი გახარიამ ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს და მათ პროფესიული დღე მიულოცა. „ყოველთვის გვესმოდა, რომ ამ აკადემიისადმი ყურადღების დონე უნდა იყოს ძალიან მაღალი. ვიცით, რომ არის გარკვეული მიმართულებები, სადაც თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი მხარდაჭერა, მაგალითად, ვთვლით, რომ უნდა გქონდეთ პრაქტიკის გავლის უფრო კარგი და კომფორტული შესაძლებლობა. მთავრობა ამაზე ზრუნავს და მერწმუნეთ, უახლოეს მომავალში ამ საკითხს მოგიგვარებთ. ვცდილობთ, რომ თქვენთან ერთად ამ დარგს, ამ საგანმანათლებლო მიმართულებას კიდევ უფრო მეტი ენერგია შევძინოთ“ – აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში გიორგი გახარიამ.

მინისტრის შეფასებით, მეზღვაურთა განათლების ხარისხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიის წარმატებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ცენტრების განვითარების მიმართულებით.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ თქვენი განათლების ხარისხი, თქვენი მომავალი შრომა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამ რეგიონისთვის და მინდა წარმატებები გისურვოთ“ – განაცხად გიორგი გახარიამ და აჭარის მთავრობას, ასევე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის საზღვაო აკადემიისადმი გამოჩენილი მუდმივი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა სასწავლო–საწვრთნელი სიმულაცია firefinghting გამართეს, რომელსაც გიორგი გახარია და ზურაბ პატარაძე, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის მთავრობის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საზღვაო აკადემია 360-მა სტუდენტმა დაამთავრა.