ჩვენი ამოცანაა იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით ჩავანაცვლოთ

ჩვენი ამოცანაა იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით ჩავანაცვლოთ

ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები მოკლე პერიოდში ჩავანაცვლოთ ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა კომპანიასა და უწყებას, თითოეულ თანამშრომელს, მშენებელს, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებაში იყვნენ ჩართულები. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განსაკუთარებული მადლობა ძირითად ინვესტორებს გადაუხადა, „რომლებმაც ეს უნიკალური ნაგებობა ააშენეს და ამისთვის 416 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს“.

პრემიერის თქმით, ეს გახლავთ ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა.

„მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეიტანეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა - საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა. მოგეხსენებათ, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული თითოეული პროექტი, თითოეული ახალი მეგავატი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძილიერების მიმართულებით. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები მოკლე პერიოდში ჩავანაცვლოთ ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით. ამისთვის აუცილებელია ხალხისა და მთავრობის ერთიანობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინსტიტუტების მაქსიმალური ჩართულობა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის გამორჩეული პროექტი გარემოზე ზემოქმედების კონტექსტშიც.

„ეს არის პირველი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს ჩარჩო კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად და უზრუნველყოფს სათბური გაზების წელიწადში 200 000 ტონამდე შემცირებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ”შუახევიჰესის” პროექტის ტექნიკური მახასიათებლებიც, განსაკუთრებით, კი 37 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე გახლავთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ჰესის მშენებლობით არ შემოიფარგლება, ასევე კომპანიამ შექმნა პრეცედენტი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით და ქვეყანაში, ამ მხრივ, საქმიანობის მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა.

„ამ პროექტმა უკვე მოუტანა სარგებელი ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური პროექტების, დასაქმების და კომპენსაციის კუთხით. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახადების სახით. ყოველივე ეს აჭარის ეკონომიკური განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ შუახევის ჰიდროელექტროსადგური მუდმივად დაასაქმებს 300 კაცს, რაც მოტივაციას შეუქმნის მათ, რომ არ მიატოვონ მშობლიური კუთხე და ხელი შეუწყონ მთიანი აჭარის განვითარებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მხარს უჭერს და მუშაობს განახლებადი ენერგიების ათვისების, ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტების შესწავლისა და მშენებლობის მიმართულებით.

„ორი დღის წინ მთავრობის სხდომაზე განვაცხადე, რომ ჩვენს მთავრობას საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გამოაქვს ქარის ელექტროსადგურის აქციები და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ”შუახევიჰესი” თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში და იქნება ერთ-ერთი სამაგალითი პროექტი პოტენციური ინვესტორებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ არსებულ ინვესტორებს ექნებათ კიდევ უფრო საინტერესო გეგმები მომავლისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.