"როდესაც კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ არ არსებობდეს კონსენსუსი, ბუნებრივია, კონსენსუსის უზრუნველყოფა შეუძლებელია"

„ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ შემდგარიყო თანხმობა, მაგრამ როდესაც კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ არ არსებობდეს კონსენსუსი, ბუნებრივია, კონსენსუსის უზრუნველყოფა შეუძლებელია,"-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ყველა საქმიანი ნაბიჯი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართულებით კონსტიტუციაზე ერთობლივი მუშაობისათვის, თუმცა, პრეზიდენტის მხრიდან ითქვა უარი.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან არაეთიკური და უადგილო განცხადებები ჩვენ აღარ გვიკვირს, ცხადია, მაგრამ როდესაც კონსენსუსზეა საუბარი, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ყველა საქმიანი ნაბიჯი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართულებით იმისთვის, რომ ერთად გვემუშავა თანხმობის დოკუმენტზე. პრეზიდენტის მხრიდან ითქვა უარი და ამით, მისი მხრიდან, იმთავითვე ითქვა უარი, მათ შორის, თანხმობისთვის წვლილის გაღებაზეც მისი მხრიდან,"-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პარლამენტის წევრის განცხადებით, საზოგადოება სწორ ანალიზს აკეთებს და მას შესაბამისი დასკვნების გამოტანა არ გაუჭირდება.

„მე საზოგადოებას ვთავაზობ ერთად შევაფასოთ ვინ აკრიტიკებს  კონსტიტუციის წარმოდგენილი ცვლილებების პროექტს. ოპოზიცია, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას და მათზე მეტი არასამთავრობო სექტორმა იმუშავა კონსტიტუციაზე, ყოფილი ავტორიტარული ხელისუფლების ყოფილი სახალხო კომისრები, რომელთათვის დემოკრატიული დისკუსია არის სრულიად უცხო და პრეზიდენტი, თავისი ადმინისტრაციის თეატრალური დასით, რომელიც ყოველდღიურად გვთავაზობს დესტრუქციის მასტერკლასებს. ეს არის შედეგი და მე ვფიქრობ, აქედან დასკვნის გამოტანა მოსახლეობას არ გაუჭირდება,"-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.