დონალდ ტრამპი არ ჰგავს ისეთ ადამიანს, რომელსაც რუსეთთან განსაკუთრებული კავშირი გააჩნია. აღნიშნულის შესახებ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
„გარკვევით შემიძლია ვთქვა, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს რუსეთთან“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე საუბრისას.
მისი თქმით, ტრამპი შესანიშნავი ლიდერია, რომელსაც დიდი ქარიზმა აქვს.
„ჩემი პირადი შთაბეჭდილებები შემდეგია: ტრამპი შესანიშნავი ლიდერია, მას დიდი ქარიზმა და დიდი პოლიტიკური ნება აქვს. ის უკრაინის დიდი მეგობარია, რომელიც ჩემს ქვეყანაში მშვიდობის დასადგურებაში მეხმარება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
გუშინ, თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოს შორის შეხვედრა გაიმართა.
პოროშენკოს განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინამ სრული მხარდაჭერა მიიღო.
„გაიმართა სრულფასოვანი, ძალიან დეტალური შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. აშშ-ს მხრიდან მივიღეთ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა პოროშენკომ.