ძალიან გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს უვიზო მიმოსვლით არ უსარგებლიათ, რადგან ამის ოფიციალური სტატისტიკა ბუნებრივია არ იარსებებს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან უვიზო მიმოსვლით არ უსარგებლიათ.
აღნიშნულ კონტექსტში საუბრისას სოზარ სუბარმა თბილისში გამართული სუპერ თასის მატჩი გაიხსენა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებიც ესწრებოდნენ.
”კარგად იცით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაც ხდება. გაგახსენებთ მოვლენას, როდესაც თბილისში ”ბარსელონასა” და ”სევილიას” შორის მატჩი გაიმართა, დაესწრო რამდენიმე ათეული ჩვენი თანამოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან. თუ სხვა დროს ისინი ჩამოდიან აქ ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ იგებთ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ყველა ახალგაზრდისთვის, ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის, რომ მათ გულმა არ გაუძლო და თბილისის ”დინამოს” სტადიონზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს. ამის გამო მათ პრობლემები შეექმნათ. ამიტომ, ბუნებრივია ისინი უფრთხილდებიან მსგავს გამოქვეყნებას და მსგავსი ნაბიჯების გადადგმას. შესაბამისად, იმის თქმა, რომ არც ერთს უსარგებლია, ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ამის ოფიციალური სტატისტიკა ბუნებრივია არ იარსებებს. ჩვენ უნდა შევძლოთ ავაშენოთ ყველასთვის მისაღები ქვეყანა, სადაც იქნება დემოკრატია, ადამიანის უფლებები დაცული, სწრაფი ეკონომიკური განვითარება. ამ შემთხვევაში აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება სწორედ იმის გამო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები დაინახავენ, რომ აქ ცხოვრება უკეთესია, აქ ცხოვრება ნიშნავს ევროპელობას, აქ ცხოვრება ნიშნავს ცივილიზებული სამყაროს წევრობას”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.