“ოცნებამ“ კონსტიტუციური პროცესი ბავშვურ ახირებას გადააყოლა - ესაა ვენეციის კომისიის მთავარი და მკაფიო დასკვნა

“ოცნებამ“ კონსტიტუციური პროცესი ბავშვურ ახირებას გადააყოლა - ესაა ვენეციის კომისიის მთავარი და მკაფიო დასკვნა

„ოცნებამ“ კონსტიტუციური პროცესი ბავშვურ ახირებას გადააყოლა - ესაა ვენეციის კომისიის მთავარი და მკაფიო დასკვნა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”შენების მოძრაობის” დამაარსებელმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რითაც მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.

”ოცნებამ კონსტიტუციური პროცესი ბავშვურ ახირებას გადააყოლა“ - ესაა ვენეციის კომისიის მთავარი და მკაფიო დასკვნა. ძირითადი საკითხი, რის გამოც კონსტიტუციური პროცესს ყველა პოლიტიკური ძალა და სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა გაემიჯნა, „ოცნების“ მიერ შემოთავაზებული „ბონუსური“ საარჩევნო მოდელი იყო. ვენეციის კომისიამ ამ მოდელის საწინააღმდეგოდ ზუსტად იგივე არგუმენტები მოიყვანა, რაზედაც საქართველოში ყველა მიუთითებდა, გარდა ბოლშევიკური მიდგომებით და ბავშვური ახირებით მოლაპარაკე „ოცნების“ წარმომადგენლებისა. ბოლო ხანებში ისიც ნათელი გახდა, რომ ამ მოდელს თავად ოცნების უმრავლესობაც არ იზიარებდა. ისმის რიტორიკული, მაგრამ უაღრესად საჭირბოროტო კითხვა - მაშ ვის და რას გადავაყოლეთ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინტერესი ქვეყნის კონსტიტუციური ფუნდამენტის თაობაზე ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის აუცილებლობის შესახებ?”-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, დავით უსუფაშვილი პარტია ”ქართული ოცნების” შიგნით მიმდინარე პროცესებსაც განიხილავს.

”არაერთხელ აღვნიშნე, რომ არასწორად დაწყებული პროცესი 2020 წლისთვის კვლავ არსებული სისტემის შენარჩუნებამდე მიგვიყვანდა და ასეც ხდება. „ოცნების“ ლიდერთა ერთმა, შესაძლოა უფრო პროგრესულმა ნაწილმა, პოლიტიკურად აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯებით იარა. მათ „მოახერხეს“ და ჯერ ყველა არაოცნებური ძალა აიმხედრეს ბოლშევიკური „ბონუსური“ სისტემის (და საპრეზიდენტო არჩევნების საკითხით სპეკულირების) გამო და მერე მოვლენათა ამგვარი განვითარებით ფრთაშესხმულ შიდაოცნებურ ძალებს ჩაბარდნენ ბოლომდე. ახლა კი იმასღა გვეუბნებიან, რომ კიდევ 7 წელი ვიცხოვროთ, მათივე შეფასებით, ავტორიტარიზმის მკვებავი საარჩევნო სისტემის პირობებში - თურმე „ავტორიტარიზმი ცუდია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც იგი საოცნებოა,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.