„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს

იმ ფონზე, რომ პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის არანაირი რესურსი არ დარჩა და პოლიტიკურ ჩიხში ვართ შესული, ხალხს უნდა დავეკითხოთ, როგორი ტიპის კონსტიტუცია სურს, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ”ევროპული საქართველო” კიდევ ერთხელ გამოდის ინიციატივით, ჩატარდეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტი. პარტიის ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე 150 ათასი მოქალაქის ხელმოწერაც წარადგინა, რომელიც მისი თქმით, პრლებისციტის მომხრეა.

”მოვუწოდებ ხელისუფლებას, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ”ევროპული საქართველოს” იდეის გაზიარებაა, რომ ჰკითხოთ პოზიცია ხალხს და ყველა დავემორჩილოთ ხალხის აზრს. ჩვენ ვაგროვებდით ხელმოწერებს პლებისციტის მოთხოვნით. დღეს წარმოგიდგენთ შეგროვებული ხელმოწერების მხოლოდ ნაწილს. 150 ათასამდე ხელმოწერა მოაგროვა „ევროპულმა საქართველომ“. ეს ადასტურებს, რომ ხალხს სურს, დავეკითხოთ აზრი და ამ ქვეყნის კონსტიტუცია იყოს ისეთი, როგორსაც ხალხი გადაწყვეტს. მე პირადად მომხრე ვარ პროპროციული სისტემის, თუმცა ხალხის არჩევანს დავემორჩილები,” - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობაში ჩატარებულმა კონსულტაციებმა მისმა შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არ არსებობს კონსენსუსი არა მხოლოდ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შორის, არამედ უმრავლესობის შიგნითაც კი.

”შედეგად მივიღეთ ის, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო პროპორციულ სიებზე გადასვლა გადატანილი იქნება 8 წლით მომავალში, 2024 წელს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით შექმნილია ჩიხი. ჩვენ ვნახეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია ხაზგასმით და რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიღების პროცესში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური კონსენსუსია იმაზე, თუ როგორი კონსტიტუცია გვექნება. დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც სრული ანტიკონსენსუსი გვაქვს. ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი ცვლილებებით, ხოლო მეორე მხარეს სხვა ოპოზიციური პარტიები, მთელი არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი, ომბუდსმენი... უფრო მეტიც, გუშინდელმა კონსულტაციებმა ღიად დაადასტურა, რომ თვით „ქართულ ოცნებაშიც“ კი არსებობს სერიოზული განსხვავებები.

ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ვერანაირად ვერ გახდება ქვეყანაში მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი. სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ხმებით იქნება მიღებული,” - განაცხადა დავით ბაქრაძემ.