ლევან ალაფიშვილი შერეულ საარჩევნო სისტემაზე:  აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ითამაშა

ლევან ალაფიშვილი შერეულ საარჩევნო სისტემაზე: აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ითამაშა

უნდა შეცვლილიყო მახინჯი სისტემა, როცა ესა თუ ის პარტია მოიპოვებს უმრავლესობას იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც პოლიტიკური კორუფციის მეშვეობით წლების განმავლობაში ყიდულობენ დეპუტატის მანდატს, - ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა ”ინტერპრესნიუსს” შერეული საარჩევნო სისტემის დატოვების შესახებ ”ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა.

ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სისტემის ცვლილებით ”ქართულ ოცნებას” ჰქონდა შესაძლებლობა დარჩენილიყო ისტორიაში, მაგრამ სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამის პოლიტიკური განზრახვა არ არსებობდა.

”ეს პოლიტიკური თამაში მმართველი პოლიტიკური ძალისა იმთავითვე გამოცნობადი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ 25 აპრილს თქვა ის შედეგი, რაც ახლა დადგა, რომ თუ ვენეციის კომისია გაგვაკრიტიკებდა ე.წ. ბონუსური სისტემის გამო, ჩვენ დავტოვებთ არსებულსო. ანუ, მოლოდინიც ჰქონდათ და პოზიციაც მაშინვე ჩამოაყალიბეს. ეს არ არის კარგი. საბოლოო ჯამში, თუკი გადავხედავთ, უმთავრესი რეფორმა, რაც უნდა ყოფილიყო დაკავშირებული კონსტიტუციურ ცვლილებებთან, პარლამენტის კომპლექტაციის ცვლილება შეიძლებოდა ყოფილიყო, ამით შეიძლებოდა ”ქართული ოცნება” დარჩენილიყო ისტორიაში, თუკი ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ მხოლოდდამხოლოდ ითამაშა. შესაძლოა, პოლიტიკურ გუნდს ამის განზრახვა არც ჰქონია, რომ სისტემა შეცვლილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების შუაწელში არ მოვისმენდით ამდაგვარ განცხადებას”, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

მისი შეფასებით, თუ ”ქართული ოცნება” საბოლოოდ ამ სისტემის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში განვითარება რთულად წარმოსადგენია.

”მხედველობაში მაქვს, პირველ რიგში, ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება, რადგან გარდა პარლამენტის კომპლექტაციისა, შემოდის მეორე საკითხი, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება. თუკი ამას დავამატებთ იმას, რომ კონსიტიტუციის ცვლილება უფრო რთულდება, ამ შემთხვევაში რთული გამოსაცნობი არ არის, რომ პოლიტიკური ტურბულენტობა გაიზრდება და შესაძლოა რევოლუციური ტალღა გახდეს საჭირო იმისთვის, რომ პროცესები დარჩეს დემოკრატიის საზღვრებში”, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

რაც შეეხება პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევას, ექსპერტი აცხადებს, რომ ”ეს მისასალმებელი და მხარდამჭერია”.