პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პროექტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება.
კონკრეტულად, კანონპროექტით იცვლება მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება. მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით. მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 100 გრამის ნაცვლად 140 გრამის ოდენობით.
აქედან გამომდინარე ცვლილებები შედის ასევე ”სისხლის სამართლის კოდექსში“, ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად, დიდ ოდენობამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისათვის, მოყვანის ან კულტივაციისათვის სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა. ასევე, იმავე ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენისათვის ალტერნატიულ სანქციებთან ერთად გათვალისწინებულია მოქმედ რეჟიმთან შედარებით გაცილებით ნაკლები ზომის თავისუფლების აღკვეთა.