ჩვენ ძალიან მტკიცე ვიქნებით ჩვენს გეგმაში, კალაპოტიდან ვერ ამოგვაგდებს მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელმაც არა ერთ პოლიტიკურ წამოწყებას შეუშალა ხელი საქმის კეთებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "შენების მოძრაობის" პრეზენტაციაზე განაცხადა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ისინი მტკიცე ნაბიჯებით გაივლიან მარათონულ დისტანციას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვებენ.
„ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ყველა ის ქართველი და ყველა ის მოქალაქე, რომელიც დაიღალა სახელმწიფობანას თამაშით, რომელიც დაიღალა იმით, რასაც დღეს პოლიტიკა ჰქვია. როდესაც ადამიანებს მხოლოდ შუღლი, მტრობა, გათიშულობა ამოძრავებს, ჩვენ ვიქნებით მშენებლები, დიახ, სახელმწიფოს მშენებლები. ჩვენი კრედო იქნება - რაც კარგია ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით. რა არის კარგი? რა გვაქვს კარგი? ჩვენ სამშობლო გვაქვს კარგი და სამშობლოს მოვუვლით ჩვენ ჩვენი ყველა მცდელობით. რა გვაქვს ცუდი? გვაქვს ის მანკიერი სახელისუფლებო და პოლიტიკური სისტემა, რომელსაც შევცვლით. პოლიტიკური სისტემა, რომელმაც არ მისცა საშუალება უამრავ კვალიფიციურ ადამიანს ჩართულიყო სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში. რა გვაკლია? გვაკლია სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც იქნება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის და უსაფრთხოების სამსახურში. ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე სახელმწიფო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.