შეწუხებული ვარ კახისა და ზაქათალას რაიონში არსებული ქართული ძეგლების მიმართ ზოგიერთი კერძო პირის მხრიდან გამოხატული უაღრესი უპატივცემულობის გამო

შეწუხებული ვარ კახისა და ზაქათალას რაიონში არსებული ქართული ძეგლების მიმართ ზოგიერთი კერძო პირის მხრიდან გამოხატული უაღრესი უპატივცემულობის გამო

მსურს დავინახო მეტი ყურადღება აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კახეთსა და ზაქათალაში მდებარე ტაძრების მიმართ, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ზაზა გაბუნია საინგილოში მდებარე ტაძრის საკურთხეველში გასართობი გადაცემის გადაღების საკითხს. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გულისხმიერი იქნება ამ საკითხის მიმართ.

"მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და ქვეყნის პარლამენტის წევრი, შეწუხებული ვარ კახისა და ზაქათალას რაიონში არსებული ქართული ძეგლების მიმართ ზოგიერთი კერძო პირის მხრიდან გამოხატული უაღრესი უპატივცემულობის გამო. მსურს დავინახო მეტი ყურადღება აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კახეთსა და ზაქათალაში მდებარე ტაძრების მიმართ. მჯერა, აზერბაიჯანის ხელისუფლება გულისხმიერი იქნება ამ საკითხის მიმართ.

მომავალ კვირაში, ოფიციალური წერილით მივმართავ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს აზერბაიჯანის მთავრობის სახელზე. ჩვენს სახელმწიფოთა შორის არსებული ძლიერი პარტნიორული კავშირი არის კარგი წინაპირობა, რომ ახლახან ქურმუხის ტაძარში და წინა პერიოდში სხვა ტაძრებში მომხდარი შემაშფოთებელი და გულსატკენი ფაქტები აღარასდროს განმეორდეს”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.