დიდი ბრიტანეთის თანადგომა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ სალი კლდესავით მტკიცეა

დიდი ბრიტანეთის თანადგომა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ სალი კლდესავით მტკიცეა

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითმა, დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავად ოფიციალურ წვეულებას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ჰიმნებით გაიხსნა, რის შემდეგაც ელჩმა სტუმრებს ქართულად მიმართა და საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. 

„ვცხოვრობთ დაუცველ სამყაროში, მაგრამ საქართველოში ჩემი ყოფნის 9 თვის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს ძალიან ღრმა და ძლიერი ფესვები აქვთ. დიდი ბრიტანეთის თანადგომა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ სალი კლდესავით მტკიცეა. ამჟამად ბრიტანეთისა და ქართველი ხალხის კავშირები ფართოვდება და განსაკუთრებულია თანამეგობრობა უნივერსიტეტებსა და ბიზნესებს შორის. წელს 25%-ით გაიზარდა დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი, თუმცა ეს მოხდა პირდაპირი რეისის აღდგენამდე. ჩემო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ყოველივე ეს საფუძველია მომავალი წარმატებისა და წინსვლისა ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ჯასთინ მაქენზი სმითმა. 

დიდი ბრიტანეთის საელჩოში მიღებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები ბრიტანელები, ბიზნესის, კულტურისა და მედია სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს-პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და მასპინძლებს დედოფლის იუბილე მიულოცა.