დავით უსუფაშვილის საინტერესო ინიციატივას ჩემი მხარდაჭერა აქვს და სხვებსაც მოვუწოდებ, დაინტერესდნენ და მხარი დაუჭირონ

დავით უსუფაშვილის საინტერესო ინიციატივას ჩემი მხარდაჭერა აქვს და სხვებსაც მოვუწოდებ, დაინტერესდნენ და მხარი დაუჭირონ

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამ ეტაპზე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის დავით უსუფაშვილის მიერ შექმნილი მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის იქნება. 

”დავით უსუფაშვილთან ერთად 95 წლიდან მოყოლებული ბევრი კარგი საქმე მიკეთებია და არც მომავალში დავზარდები ჩემს ძველ მეგობრებს ერთად საქმის კეთებაში. ამისთვის კი ვფიქრობ პოლიტიკა სავალდებულო არ არის. პოლიტიკის კეთება და საჯარო პოლიტიკაში წასვლა ჩემი მიზანი არ არის. უსუფაშვილის განაცხადი მართლაც საყურადღებო და მხარდასაჭერია, სიახლეა პოლიტიკაში. აქამდე ადამიანთა ჯგუფი აყალიბებდა პარტიას და საზოგადოებას ეუბნებოდა შემოდით "ჩვენს" პარტიაში, ამიტომაც გვაქვს განუვითარებელი და არაეფექტური პარტიული სისტემა. დათომ სხვა რამ თქვა, ერთად ვაკეთოთ პოლიტიკა, არჩევნები ერთად გავიაროთ და ამ გამოცდაგავლილებს ერთად ყოფნა თუ კვლავ გვენდომება, პარტიადაც დავფუძნდეთ, სხვა მრავალ ახალშეძენილ თანამოაზრესთან და თანამებრძოლთან ერთად. ეს საინტერესო გზავნილია ახალი თაობისთვის. სწორედ ამიტომ დავით უსუფაშვილის საინტერესო ინიციატივას ჩემი მხარდაჭერაც აქვს და სხვებსაც მოვუწოდებ, დაინტერესდნენ და მხარი დაუჭირონ. პოლიტიკის ახლებურად კეთების დროა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ალაფიშვილმა, თუმცა იმ ორგანიზაციაში გაერთიანება, რომლის წარდგენაც ხვალ იგეგმება, უარყო. 

დავით უსუფაშვილი ხვალ ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას გამართავს. როგორც ახალ ძალაში აცხადებენ, ეს იქნება ”თანამონაწილეობაზე აწყობილი, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა“. ასევე, ხვალ იგეგმება სადამფუძნებლო დეკლარაციის მიიღება. 

დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში მოჭადრაკე ნინო გურიელი და ალუდა გოგლიჩიძე იქნებიან, რომელიც თბილისის ვიცე-მერი იყო. ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე საზოგადოება ასევე იხილავს ”რესპუბლიკური პარტიის” იმ ყოფილ წევრებს, რომელთაც პარტია დავით უსუფაშვილთან ერთად დატოვეს და ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებს.