სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის პრობლემური ადგილები მოინახულა

სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის პრობლემური ადგილები მოინახულა

პარლამენტის დამოუკიდებელი, მაჟორიტარი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დღეს დეპუტატმა მთაწმინდაზე ის კონკრეტული, პრობლემატური ადგილები მოინახულა, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და საგულისხმოა.

მთაწმინდის ფორუმის ჩატარების შემდეგ, დასმული პრობლემატური საკითხების მიმდინარე მდგომარეობის გაცნობა დღეს 14 ლოკაციაზე მოხდა, დეპუტატმა პირველი განცხადება პარლამენტის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქალაქის ცენტრალური ქუჩა იყოს მოწესრიგებული, კერძოდ კი ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაკონტორლდეს, თვითნებურად სხვადასხვა სარეკლამო პროდუქციის, პოსტერების, სტიკერების და ა.შ გაკვრა:

„ვიყავი რუსთაველზე, საშინელი მდგომარეობაა, მშენებლობების გამო ქუჩაზე ბუღია, მოქალაქეებისთვის არ არის  გამართული საფეხმავლო ადგილი, ამასთან შუა რუსთაველზე გამოტანილია სხვადასხა რეკლამები, სხვადასხვა ენაზე, არ არის დაცული სისუფთავე, მოუწესრიგებელია მიწის ქვეშა გადასასვლელი, ეს არის ცენტრალური ტურისტული არტერია და ასე არ შეიძლება. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ მოვიარეთ მთელი ქუჩა და არსად არ არის ადგილი  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომ გადავიდნენ ქუჩაზე, არც პანდუსები, არც შუქნიშნები..."

დეპუტატმა ასევე მოინახულა ლურჯი მონასტრის მიმდებარე ტერიტორია სადაც სანიაღვრე სისტემის გამო ტაძარს საფრთხე ექმნება, აღნიშნული საკითხი ადგილზე განიხილეს მთაწმინდის გამგებელთან ერთად და პრობლემის გადაჭრის გზები დასახეს.

სალომე ზურაბიშვილმა ადგილზე დაათვალიერა  ბარნოვის ქუჩის N8-ში, შეჩერებული მშენებლობა. საკითხის განხილვას დეპუტატი თავად ესწრებოდა მერიაში, საუბარია, ორი კულტურული ძეგლის სტატუსის  მქონე შენობებს შორის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე:

„აღსანიშნავია, რომ მერიამ ადმინისტრაციული სარჩელის საფუძველზე შეაჩერა მშენებლობა, რათა ალბათ ბათილად იქნეს ცნობილი, ნებართვა, რომელიც გაიცა. დაუშვებელია, რომ  ორი კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს შორის, ამ მანძილებზე აშენდეს შენობა"

დეპუტატმა ასევე მოინახულა ის ავარიული და მოსახლეობისთვის პრობლემური სახლები, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს დახმარებას: ნიკო ნიკოლაძის, ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ამაღლების ქუჩა, ლერმონტოვის ქუჩა, ჭონქაძის ქუჩა.

სალომე ზურაბიშვილმა ბოლოს  გერეგთის ქუჩა მოინახულა:

„მთაწმინდის ეს ნაწილი ჩაბეტონებულია, ნებართვები, რომელიც არის გაცემული ეს არის მთავარი პრობლემა, რა პირობებშია ეს ნებართვები გაცემული? რა მოეთხოვებათ მშენებლებს? ხეების მოჭრა, გახმობა სერიოზული პრობლემაა და  როგორ არის მშენებლობის სტანდარტები დაცული?  ასევე მთავარ პრობლემად რჩება ავარიული სახლები და ეს არ არის ადვილი, რადგან დაკავშირებულია სახსრებთან და მთელ რიგ პრობლემებთან. სკვერების მოწყობა, ხეების დარგვა,  მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, ამაღლების ქუჩაზე არის სკვერი სადაც ერთი მცენარეც არ არის არა თუ ხე, ეს პრობლემაა უბნისთვის"

მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად ზემოთ აღნიშნულ ლოკაციებზე ასევე იმყოფებოდნენ და ადგილზე ეცნობოდნენ არსებულ ვითარებას მთაწმინდის რაიონის გამგებელი, ბატონი გელა არჩვაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი, ჯაბა ჯიშკარიანი.